14 ნოემბერი, 2008
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში ენერგეტიკულ სამიტს დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა, სადაც მუშაობას იწყებს მეოთხე საერთაშორისო ენერგეტიკული სამიტი. აქ გლობალურ ენერგეტიკულ პროექტებსა და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს განიხილავენ. ენერგეტიკულ სამიტში მიხეილ სააკაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს გარდა 20 ქვეყნის წარმომადგენელი ჩადის. საქართველოს პრეზიდენტის გარდა სამიტში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევი, თურქეთის პრეზიდენტი აბდულაჰ გიული, უკრაინის - ვიქტორ იუშჩენკო, ლიტვის - ვალდას ადამკუსი და პოლონეთის - ლეხ კაჩინსკი. მინისტრების დონეზე წარმოდგენილი იქნება რუმინეთი - საგარეო საქმეთა მინისტრი ლაზერ კომენესკუ, ყაზახეთი - ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მინისტრი საუატ მინბაევი, აშშ - ენერგეტიკის მინისტრი სამუელ ბოდმანი. ლატვია სამიტზე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკის მინისტრით არტურს ბერგჰოლცით. ზუსტდება მოლდავეთის, თურმენეთისა და ესტონეთის დელეგაციების შემადგენლობა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და თურქეთის პრეზიდენტთან აბდულაჰ გიულთან. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ბაქოს დეკლარაციის გაფორმება. ბაქოს სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი საკითხი იქნება “ოდესა-ბროდის” ნავთობსადენის საკითხი, რომელიც კასპიური ნავთობის ტრანსპორტირებას ცენტრალური ევროპის ქვეყნებში განახორციელებს. “ოდესა-ბროდი-პლოცკის” პროექტით წარმოდგენილია შემდეგი სქემა - ევროპაში კასპიური ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტი ასე გამოიყურება: აზერბაიჯანული ნავთობი არსებული ნავთობსადენების სისტემით შედის ქართულ პორტ სუფსაში, შემდეგ ხდება მისი ტრანსპორტირება ტანკერებით ოდესის პორტში “სამხრეთში”, ხოლო იქედან გადადის ოდესა-ბროდის უკრაინულ ნავთობსადენში. ამ ნავთობმა რომ ევროპამდე მიაღწიოს, უნდა აშენდეს დაახლოებით 500 კილომეტრის სიგრძის ცალკეული მილსადენები როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ისე პოლონეთის ტერიტორიაზე. ამ მიზნით, ვილნიუსში გამართული ენერგეტიკული სამიტის დროს შეიქმნა კომპანია “ახალი სარმატია”. სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლოს, ან 2011 წლის დასაწყისში “ოდესა-ბროდი-პლოცკის” მილსადენით კასპიური ნავთობის პირველი პარტია გაივლის. პირველი ენერგეტიკული სამიტი 2006 წლის მაისში პოლონურ ქალაქ კრაკოვში ჩატარდა, მეორე - გასული წლის ნოემბერში ლიტვის დედაქალაქში, მესამე მიმდინარე წლის მაისში კიევში.
|