14 ნოემბერი, 2008
სახელმწიფო კანცელარიაში კრიზისიდან გამოსვლის 18-თვიან გეგმა განიხილავენ
სახელმწიფო კანცელარიაში კრიზისიდან გამოსვლის 18-თვიანი გეგმის განხილვა დაიწყო. გეგმა მთავრობამ აგვისტოს მოვლენების შემდეგ პრეზიდენტის დავალებით შეიმუშავა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა 18-თვიანი გეგმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მინისტრებისაგან მოისმინა. უშუალოდ რუსული აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახლების მშენებლობისა და მათი განსახლების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიაწოდა. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახლების მშენებლობის პროცესი პრაქტიკულად უკვე დასასრულს უახლოვდება. მისი თქმით, მშენებლობის 90 პროცენტი არის დასრულებული და აღნიშნულ სახლებამდე გაზის, ელექტროენერგიის, წყლისა და გზების მიყვანასთან ერთად, დაახლოებით თვის ბოლოდან, ინტენსიური ჩასახლება დაიწყება, ხოლო 20 დეკემბრისათვის ეს პროცესი მთლიანად დასრულდება. გარდა ამისა, როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენითი სამუშაოებიც განხორციელდა. ეს შეეხო დაახლოებით 2000 სახლს, ხოლო სახლები, რომლის აღდგენაც ვერ მოხერხდა, მათ მეპატრონეებს კომპენსაცია გადაეცათ იმისათვის, რათა შეიძინონ ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ახალ წელს ყველა იძულებით გადაადგილებული პირი საკუთარ ჭერქვეშ შეხვდება. ზოგი სახელმწიფოს მიერ აშენებულ სახლებში, ხოლო ზოგი კომპენსაციის მიღების შედეგად შეძენილ ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლებში. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახლების პროდუქტებითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა. ამის შესახებ კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ ყველა ახალ შესახლებულს სახლებში დახვდება საყოფაცხოვრებო აუცილებელი ნივთები. ეს იქნება სამზარეულო, საძინებელი, თუ სასტუმრო ოთახის გარკვეული ინვენტარი. მისი განცხადებით, უკვე მიმდინარეობს აღნიშნული ინვენტარის სახლებში შეტანა და ეს პროცესი დასრულდება ვადებში. გარდა ამისა, როგორც სუბელიანმა განაცხადა, ოჯახის ყველა წევრზე, სულზე გამოყოფილი იქნება 200 ლარი, რომელსაც იძულებით გადაადგილებული პირების სურვილისამებრ მოიხმარენ. უფრო კონკრეტულად კი, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის განსახლების პროცესი სამშაბათიდან დაიწყება. როგორც სუბელიანმა აღნიშნა, დევნილების განსახლების პროცესი უკვე დაიწყება კოდაში, შაუმიანსა და გარდაბანში და ამ სამივე რაიონში შესახლდება 400-მდე ოჯახი. მისივე თქმით, სულ ამ სახლების მშენებლობაზე 170 მლნ ლარი დაიხარჯა, თუმცა ამაში შედის ასევე გზები, წყლის სისტემა, ელექტროენერგია და ყველა კომუნალური საკითხის მოგვარება. სუბელიანის განცხადებით, რაც შეეხება 18-თვიან პროგრამას, რომლის განხილვაც კანცელარიაში რამდენიმე წუთში დაიწყება, უშუალოდ დევნილების სფეროში, ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის განთავსებას და დაბინავებას. მათთვის საკუთრების უზრუნველყოფას. სუბელიანის განცხადებით, სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა და დაზარალებულთა შესახებ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ისინი დაკმაყოფილდნენ, რადგან განსახლების პროცესი მალე დაიწყება. ზუსტად იგივე პროცესი იქნება აფხაზეთიდან დევნილების შემთხვევაში, თუმცა ეს პროცესი გაცილებით დიდხანს გაგრძელდება გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ ოსეთიდან დევნილია 7 ათასი ოჯახი, ხოლო აფხაზეთიდან დევნილები - 80 ათასამდე ოჯახია. მისი თქმით, ყველა ოჯახმა სახელმწიფოსგან საკუთრებაში ფართი უნდა მიიღოს.
|