14 ნოემბერი, 2008
გაზეთი “ინდეფენდენტი““სონიცენტრი თბილისის“ და საქართველოს ხელისუფლების დავაზე სტატიას აქვეყნებს
გაზეთ “ინდეფენდენტში“ საქართველოს ხელისუფლებისა და “სონიცენტრი თბილისის“ დავასთან დაკავშირებით ვრცელი სტატია დაიბეჭდა. “სონი ცენტრი თბილისის“ პარტნიორი ამერიკული კომპანიის “იზე ინტერპრაისიზის“ წარმომადგენელი ილია ზუგანოვი აცხადებს, რომ საქართველოში ისევ კორუფციაა. “საქართველო კი ცდილობს ევროპული ქვეყანა იყოს, მაგრამ ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დროინდელი კორუფცია ცოცხლობს“,-აღნიშნავს ზუგანოვი. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ რუსთაველის #30-ში მდებარე ფართის მესაკუთრეს მზია კაკაბაძეს ქონება დაათმობინა უარესის სანაცვლოდ. მას უფრო უარეს ადგილას და ნაკლები ღირებულების ქონება მიცეს, ხოლო თუკი ქონებას არ დათმობდა, დაემუქრნენ, რომ მის ოჯახს საფრთხე შეექმნებოდა. “ამის შემდეგ 200 პოლიციელმა დაამტვრია “სონის“ კარი და წაიღეს ტექნიკა, ყველაფერი გაანადგურეს. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს. ბევრჯერ შევეცადეთ, სიტუაცია განგვემუხტა, მაგრამ არაფერი გამოდის. აჭიანურებენ საქმეს, ვფიქრობ ამ პრობლემას სერიოზულად არ აღიქვამენ. სასამართლო ბევრჯერ გადაიდო უაზრო მიზეზების გამო, მაგალითად მოსამართლის ავადმყოფობა და ა.შ.“,-აცხადებს ზუგანოვი. სტატიაში საუბარია ამერიკელი კონგრესმენის დანა რორაბახერის ორ წერილზეც, რომელიც მან საქართველოს მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა. წერილებში საუბარი იყო “სონიცენტრის“ უფლებების დარღვევაზე და ბიზნესის უკანონი შეზღუდვაზე. რორაბახერის ერთ-ერთ წერილს “ინდეფენდენტი“ ამ სტატიაშიც იყენებს. ზუგანოვი რორაბახერს მადლობას უხდის იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ბიზნესკონფლიქტთან დაკავშირებით გამოიჩინა. “ინტერპრესნიუსი”
|